Tuesday, June 7, 2016

მანანა ტურიაშვილი


დღეს სამეფო უბნის თეატრი ადამიანს იკვლევს. თეატრს მხარში უდგას ამ საქმის დიდოსტატი, ბატონი თემურ ჩხეიძე.


როცა რეჟისორ თემურ ჩხეიძის ახალი სპექტაკლის, „თარგმანების“ სანახავად მაყურებელთა დარბაზში შეხვალთ, თივის საამურ სურნელს იგრძნობთ. სცენაზე გაშლილი ჩალისფერი სივრცე, სამშობლოს გაგონებს თითქოს, რომელსაც მანქანებით გახედნილ თბილისის ქუჩებში, ვეღარ აღიქვამ, ვერ ხედავ. თეატრალური უნივერსიტეტის ახალბედა და გამოცდილი მსახიობები, ირლანდია-ინგლისის ისტორიის პატარა მონაკვეთს გაითამაშებენ ისე, რომ წარმოდგენის ხანგრძლივობის სამ საათს, ერთ ამოსუნთქვად გადააქცევენ და დღევანდელი ცხოვრების გიჟურ რიტმს ფეხს აუწყობენ. ჩალისფერ ფონს გემოვნებით ეხამება პერსონაჟების კოსტიუმების (მხატვარი ელისაბედ ჭიჭინაძე, გოგი ალექსი-მესხიშვილის დიზაინის სკოლა) ფერთა გამა.

„ნაწარმოებში მოქმედება ხდება XIX საუკუნის 30-იან წლების ირლანდიურ სოფელში, სადაც ინგლისელი ჯარისკაცები ახალ რუკებს ადგენენ და გეოგრაფიულ სახელებს ინგლისურად თარგმნიან, მაგრამ როგორი თანამედროვეა!“ გვითხრა დრამატურგმა დავით გაბუნიამ. ბატონები: თემურ ჩხეიძე, დავით გაბუნია და დავით ხურცილავა, ბრაიან ფრილის პიესაზე, სპექტაკლზე და სამუშაო პროცესზე მოგვითხრობენ.

ბატონო თემურ, ქართულ თეატრში იმდენად იშვიათია, როცა პარტნიორი გრძნობს პარტნიორს, რასაკვირველია, თქვენ სპექტაკლებს არ ვგულისხმობ... ამ პიესამ რით მოგხიბლათ? ჩვენ რით მოვიხიბლეთ, ამას ცალკე ვიტყვით.

ჰოდა, ჩვენც იმით მოვიხიბლეთ, რითიც თქვენ. როგორ? ასეთი ღრმა, ძალიან კარგად დაწერილი პიესაა და არც უმართებულოდ ითვლება XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ საუკეთესო პიესად.

ბატონო თემურ, ეს პიესა ხომ მარტო ენას არ ეხება, ენასთან დაკავშირებულია სამშობლოს ცნება.

ვერ გრძნობთ პარალელს ჩვენი წინაპრების აზროვნებასთან? „რა ენა წახდეს...“, ეს არის, რა! დაპყრობა იწყება ენის ფუნქციის დაკარგვით. მოვიდნენ და რაღაც დასაყენებლებს უცვლიან,  კაცმა რომ თქვას, რა მოხდა - ხან ის ერქვა და ხან ეს ერქვა ამ სოფელსო და მოდი ბარემ „ასე“ დავარქვათ, ინგლისურად კარგი სათქმელია და რა მოხდა, ხალხს ხომ არ ერჩიან? ასე დაიწყო, დაიწყო და... ერთი წელიწადი ვმუშაობდი ამ პიესაზე და მარტო იმიტომ კი არ ავიღე, რომ, კარგი ნაწარმოებია, მინდოდა ამ საკითხებზე ეფიქრათ და მარტო კი არ ეფიქრათ, ტკენოდათ ეს საკითხი. იქნებ გაუჩნდეთ რეფლექსი, მოთხოვნილება და დაფიქრდნენ, რომ ენა თავისთავად არ არსებობს, მას გაფრთხილება უნდა, თორემ და-ვი-ღუ-პე-ბით! ჩვენნაირი ერები წაშლილან, გლობუსიდან თუ რუკიდან? ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, თორემ დავიღუპებით! და ვისაც შეუძლია ამაზე ფიქრი, ვისაც უნარი აქვს, ხომ კარგი  და ვისაც არ შეუძლია? ძალით უნდა აფიქრო, თორემ თვალსა და ხელს შუა ისეთი რაღაცები გვიქრება, რომელსაც ვეღარ დავაბრუნებთ, ვეღარ დავაბრუნებთ და არ დავიღუპოთ!

დიდი მადლობა სპექტაკლისთვის.



ეს იცი, რა მტკივნეული საკითხია? ბრწყინვალე პიესაა და რატომ... ნაწარმოებში ერთი პატრიოტული მოწოდება არ არის და ამ დროს ეროვნულ ტკივილზეა, რომელიც მარტო ჩვენ არ გვაწუხებს.

პირველი ხუთი წუთის შემდეგ გამეღვიძა პატრიოტული გრძნობა, რომელიც ამდენი უსამართლობის შემხედვარეს მიძინებული მქონდა. ამ საღამოს ძალიან უცნაური რამ მოხდა, გამიხარდა რომ ქართველი ვარ!

იდეალურ შემთხვევაში, რასაც თქვენ ყვებით, ეს რომ დაემართოს მაყურებელს... ალბათ ეს არის ამ კონკრეტული სპექტაკლის დანიშნულება. ისე, თუ მკითხავ, თეატრი მრავალფეროვანი, მრავალწახნაგოვანია და მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება გარკვეული მიმართულებით ვმუშაობ, სხვა მიმართულებებზე ალერგია არ მაქვს,  მართლა! უბრალოდ, მე ვთვლი, რომ ჩემი გზა აქეთ არის. ჩეხოვს აქვს ერთი დაუნდობელი და თან ცინიკური ფრაზა: ყველა ძაღლი, თავისი ხმით ყეფსო. მე ჩემი ხმით ვყეფ, რაც ხმა მომცა, ისე ვყეფ.

ძლიერი საღამო იყო, ბატონო თემურ... აქ ურთიერთობების ფილიგრანული დამუშავება იქნებოდა მნიშვნელოვანი, თუმც ეს თქვენი სპექტაკლების ხელწერაა. წარმოდგენა ისეა აგებული, რომ  ტექსტმა და შესრულებამ მაყურებელზე დიდი ზეგავლენა უნდა მოახდინოს.

გარანტია არ მაქვს, ვნახოთ.

სიყვარულს ენა არ სჭირდება! საქმის მცოდნე, პატარა ქვეყანაშიც უხვად არის! გროშ-კაპიკისთვის სამშობლოს ახალ რუკას, დამპყრობელთან ერთად ნუ შეადგენ! სიყვარულს, ეჭვიანობა თან სდევს! და რა მშვენიერია, ევროპული ცნობიერების აკვანი, ანტიკური ლიტერატურა! სხვადასხვა მიმართულებით გადახლართული ეს და კიდევ სხვა თემები, წარმოდგენის ერთ მთლიან სტრუქტურაში შესაშური სიზუსტით მონაცვლეობს, რაც გიპყრობს და გაღელვებს.


დავით, ბრაიან ფრილის ეს პიესა ჩვენი მაყურებლისთვის უცნობია, თქვენ ეს ნაწარმოები ინგლისურიდან თარგმნეთ და კონკურსზე „თუმანიშვილის ოქროს ვაშლი“ მიიღეთ. აქვს თუ არა პიესას საიდუმლო, რომელიც მარტო თქვენ იცით?

დრამატურგი და მთარგმნელი, დავით გაბუნია: ეს პიესა ავტორმა 1980 წელს დაწერა და პირველად დუბლინში, ახალდაარსებულ თეატრში ითამაშეს. მერე ეს თეატრი დუბლინის  მთავარი და წარმატებული თეატრი გახდა. ბრაიან ფრილმა ხანგრძლივი სიცოცხლე განვლო და 50-მეტი პიესა დაწერა. მას „ირლანდიელ ჩეხოვს“ ეძახდნენ და ჩეხოვის ნაწარმოებების ადაპტაციები აქვს გაკეთებული, მაგრამ ირლანდიურ ლიტერატურაში, „თარგმანები“ თანამედროვე კლასიკურ ნაწარმოებად ითვლება, სკოლაში ასწავლიან. ვინაიდან ირლანდიის ენა ინგლისურია და ირლანდიურ ენაზე ძალიან ცოტა რეგიონში ლაპარაკობენ, ეს პიესა ავტორმა ინგლისურ ენაზე დაწერა.

ბრაიან ფრილი წერდა, რომ ეს პიესა, წესით ირლანდიურად უნდა დამეწერაო, მაგრამ კარგად არ ფლობდა. ამ პიესაში, ერთგვარი ირონიაც იკითხება, ვინაიდან აქ ინგლისელები და ირლანდიელები ინგლისურად ლაპარაკობენ, მაგრამ ერთმანეთის არ ესმით. ეს  თეატრალური პირობითობა, ბატონ თემურს ძალიან მოეწონა. ინგლისელი რასაც ლაპარაკობს, ირლანდიელს არ ესმის და პრინციპულად არ ელაპარაკება ინგლისურად. გავიხსენოთ XIX საუკუნეში რუსიფიკაციის პროცესი, როცა იმპერია ქართული ენის ამოძირკვას ცდილობდა და რომ არა თერგდალეულების, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძალისხმევა, ასეც მოხდებოდა. ირლანდიისგან განსხვავებით, საქართველოში ქართული ენა შენარჩუნდა, იქ თითქმის ამოიძირკვა.

ამ საკითხს, რომ თავი გავანებოთ, თავისი შრეებით, სიღრმით, თემებით, ფორმის თავალსაზრისით, არაჩვეულებრივი პიესაა, რომელიც დრამატურგიის ყველა კანონის დაცვით არის დაწერილი. ნაწარმოებში მოქმედება ხდება XIX საუკუნის 30-იან წლების ირლანდიურ სოფელში, სადაც ინგლისელი ჯარისკაცები ახალ რუკებს ადგენენ და გეოგრაფიულ სახელებს ინგლისურად თარგმნიან, მაგრამ როგორი თანამედროვეა! ესე იგი, თუ ზუსტ მიმართულებას იპოვი, თურმე ისტორიულ თემაზეც შეიძლება წერო. გმირებმა ლათინური და ბერძნული ენები იციან, არის ჰომეროსის ალუზია და მერე მოდის რაღაცა ძლიერი ძალა, დიდი იმპერია, რომელიც ამას გადაყლაპავს.

მსახიობ დავით ხურცილავას მიერ არაჩვეულებრივად შესრულებული პერსონაჟი, კონკრეტულიდან ზოგადი ხდება და სამშობლოს ბედს გადაჯაჭვული, იუმორისა და ცოდნის გზაგავლილი, ზოგადად იმ მამაკაცის ბედს უკავშირდება, ვისაც სამშობლო სტკივა. მნიშვნელოვანია მსახიობ გაგა შიშინაშვილის ნამუშევარი. დავით ხურცილავას მიერ შესრულებული ბევრი როლი მინახავს, მაგრამ თამამად ვიტყვით, რომ ის რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ აღმოაჩინა.



მსახიობი დავით ხურცილავა: ჩემი გმირი, თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტია და ასეთი ადამიანი ყოველთვის გამარჯვებული არ არის, უფრო წამგებიან პოზიციაშია, აქ შეიძლება პარალელი გავავლოთ ჩვენ ქვეყანასა და ბევრ დამპყრობელ ქვეყანას შორის... ირლანდიელმა ხალხმა უზარმაზარი გმირული სულისკვეთებით დამაინტერესა.

თემურ ჩხეიძესთან, თითქოს თავიდან გავიარე სამსახიობო ოსტატობის პატარა კურსი, რა თქმა უნდა მის სტუდენტებთან ერთად და ძალიან მოხარული ვარ. ახალგაზრდებთან, რომ მუშაობ, ცხადია, მეტი პასუხიმგებლობა გაქვს, ვინაიდან ისინი შენ გიყურებენ, ამ ხნის კაცი, თითქოს ყოჩივით ხარ და ამის გამო ბევრი ვინერვიულე. თითქოს ახალგაზრდობა დამიბრუნდა, სტუდენტებისგან და ცხადია, თემურ ჩხეიძისგან ძალიან ბევრი რამ შევიძინე - ნეტა,  ვინ არ იძენს მისგან?

ადამიანის კვლევის პროცესი ჩანს სამეფო უბნის თეატრის ყველა სპექტაკლში, დაწყებული ახალგაზრდა რეჟისორის, დათა თავაძის წარმოდგენებიდან, დამთავრებული ბატონ თემურ ჩხეიძის სახელოსნოს მოსწავლეთა სპექტაკლებით. ამ დღეებში მაყურებელმა თემურ ჩხეიძის ახალ სპექტაკლში „თარგმანები“, თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ჯგუფის მე-3 კურსელ სტუდენტებთან ერთად, გამოცდილი მსახიობებიც იხილა. სცენური შტამპებისგან თავისუფალი ახალგაზრდები, ფსიქოლოგიური ნიშნით აღბეჭდილნი, ოსტატობის მაღალი საფეხურის დასაპყრობად ემზადებიან. ამ გზაზე, მარადიულ ღირებულებებზე აღმოცენებულ მოქალაქეობრივ პოზიციას აგებენ და სამშობლოს -  ამ მივიწყებული სიტყვის არს გვიხსნიან.











No comments:

Post a Comment